გარდაიცვალა მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე

92 წლის ასაკში მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე გარდაიცვალა.

ზურაბ ნიჟარაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში რექტორი; მუშაობდა მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა.

1955 წლიდან სისტემატურად იღებდა გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია: ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეა (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (აახენი, გერმანია), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციები. ზურაბ ნიჟარაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წლის 24 დეკემბერს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.