ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავღანეთში NATO-ს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია საქართველოს.

როგორც მთავრობის მეთაურმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი.

„ავღანეთში NATO-ს მისიებში ჩვენმა სამხედროებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ რა შეუძლია ჩვენს ქვეყანას. მე მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც მისიას ასრულებენ ღირსეულად და სამშობლოში ბრუნდებიან

საგარეო პოლიტიკაზე მინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ განვლილი პერიოდი. ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

შეგახსენებთ, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს გავაკეთებთ ოფიციალურად.

ღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირთან როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, უმაღლეს დონეზეა ურთიერთობები ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

„საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დადასტურებაა კონგრესის მიერ 2020 წლის ბოლოს დამტკიცებული საკანონდებლო აქტები. ასევე წელს, თებერვალში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენთა მიერ ხელახლა ინიცირებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, გაზრდილი დაფინანსება. ჩვენ ეფექტიანად ვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის.

მე უკვე განვაცხადე, რომ საქართველო დღეს უკვე ყველა პარამეტრით არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.