პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 13 მილიონამდე გაიზარდოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტურიზმიდან შემოსავალი, მომდევნო წლების განმავლობაში, მათი გათვლებით, 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
"რაც შეეხება ტურიზმს. აქ, მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ მეტად მნიშვნელოვან მიმართულებას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე წარმოჩინდეს, როგორც მოწინავე, ყველა სეზონის, მომსახურების მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და უნიკალური შთაბეჭდილებების ქვეყანა. უკვე არსებულს დაემატება ახალი ტურისტულ ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უახლოეს წლებში 13 მილიონამდე გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა.
ტურიზმიდან შემოსავალი, მომდევნო წლების განმავლობაში, ჩვენი გათვლებით, 6.5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს სოფლის მეურნეობის განვითარება. ამისთვის ვგეგმავთ მიწის ფონდის სრულ რეგისტრაციას და მოსახლეობის მიწით, ტექნიკით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მომსახურებით, ფინანსებზე წვდომით უზრუნველყოფას, გადამამუშავებელი და სარეალიზაციო პირობების შექმნას, ასევე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.