პრემიერი: მრავალშვილიან ოჯახებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იწყება ახალი პროგრამა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით. ამის შესახებ მან პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.

„აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დამატებით, მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოებში,100 000 მოქალაქის დასაქმებას შევძლებთ და 50 პროცენტით გაიზრდება პროდუქტიულობა.

დღეს წიაღის სექტორში დასაქმებულია დაახლოებით 37 000 ადამიანი. წიაღის რეფორმის ეფექტური განხორციელების შედეგად, 2030 წლისთვის დამატებით შეიქმნება 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს საგარეო ვაჭრობის განვითარება. დღეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ვსარგებლობთ 45 ქვეყანასა და ერთ საბაჟო ადმინისტრაციულ ერთეულთან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამას მომდევნო წლების განმავლობაში დაემატოს 11 ქვეყანა.

ასევე მინდა დამატებით გითხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში’’ 2000-ზე მეტ კომპანიას დაეხმარება ექსპორტის განხორციელებაში.

2012 წელს საქონლის ექსპორტი შეადგენდა 2.4 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ეს მაჩვენებელი 2020 წელს იყო 3.3 მილიარდი დოლარი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უახლოეს წლებში, ექსპორტი გახდეს 5 მილიარდი დოლარი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.