ალეკო ელისაშვილი პრემიერს: როდის შემოიჭერთ ქამრებს, როდის გადმოჯდებით შავი ჯიპებიდან?

როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, რომ როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის შემოიჭერს ქამრებს, როდის გადმოჯდებით ამ შავი ჯიპებიდან, - ამ კითხვით მიმართა ალექსანდრე ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე.

"ბატონო ირაკლი, თქვენც თქვით, რომ ძალიან ღატაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ, 50 000 ადამიანი სოციალურ შემწეობაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი ოცნებობს, რომ ეს დახმარება მიიღოს, მინდა გკითხოთ, როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, რომ როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, როდის შემოიჭერს ქამრებს, როდის შეამცირებს ბიუროკრატიის ხარჯებს, ელემენტარული, როდის გადმოჯდებით ამ შავი ჯიპებიდან, აღრიცხული მაინც თუ გაქვთ, რამდენი იხარჯება ან ამ მანქანების ყიდვაზე, შენახვაზე, ბენზინის ჩასხმაზე.

ვოცნებობ ისეთ ქვეყანაზე, სადაც ჩემი პრემიერ-მინისტრი და ყველა მაღალი თანამდებობის პირი ივლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით", - მიმართა ალექსანდე ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრს.

გარდა ამისა, ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდას, რომელიც ამჟამად 22 ლარს შეადგენს და "სამარცხვინოა".

ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდა.

"ვეტერანების პენსია არის პრობლემა, წლების განმავლობაში და მანამდე უნდა მოგვარებულიყო. გიდასტურებთ, 2022 წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ვეტერანებისთვის პენსიის გაზრდა.

ე.წ ჯიპებიც პრობლემაა. გადმონაშთი, რომელიც სამწუხაროდ, არ შეესაბამებოდა ჩვენ ეკონომიკას, რამდენიმე წლის წინ მოგვარდა, მინისტრები და პარლამენტარები სხვა, მსუბუქი ავტომობილებით დადიან", - განაცხადა რარიბაშვილმა.