მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ

მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ, - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბარქაძე აღნიშნავს, მხარეებს შორის განსხვავებული პოზიციებია, თუმცა, ისინი შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

„ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგზე საუბარი ნაადრევია. უნდა გვესმოდეს, რომ მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცესკოს გუშინდელი სხდომა და სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული ვადები და დააჩქარეს გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, ცესკოს ეს გადაწყვეტილება იყო ფაქტორი, რომელმაც ძალიან დაავიწროვა ჩვენი მოლაპარაკების თემა და შესაბამისად, მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი - ოპოზიციის შეთავაზება ახალი არჩევნების შესახებ. ჯერჯერობით, პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, მხარეები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი და პროცესი გაგრძელდება და ამ დიალოგის ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ ძალიან დაშორებული პოზიციებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ კომპრომისამდე, რომელიც საჭიროა ამ ქვეყანაში სტაბილურობისთვის. სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, სტაბილურობას სჭირდება აღქმა, რომ ქვეყანაში არსებობს კონსოლიდირებული საზოგადოება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი, ამ ყველაფერს ჩვენი შეფასებით, სჭირდება ახალი არჩევნები, ეს არის განხილვის თემა. პროცესი გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ჩვენ ველით კიდევ ახალ შეხვედრას“, - განაცხადა ბაქრაძემ.