საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაიცვა საფრანგეთისა და გერმანიის წარუმატებელი მცდელობა, ჩატარებულიყო ევროკავშირის სამიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებმა ჩააგდეს ინიციატივა. ევროკავშირის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვის შესახებ გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივაზე უარი თქვეს.
"სწრაფი სამიტისთვის კონსენსუსი არ შედგა. ჩემი აზრით, ეს არ არის ტრაგედია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთიანი დავრჩეთ. განხეთქილებები გვასუსტებს", - თქვა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს წინააღმდეგობა არ გამოუთქვამთ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
"ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვდა ვლადიმერ პუტინს. ევროკავშირის სამიტზე ჩემს მეგობრებს ვუთხარი: ჯო ბაიდენს თქვენი აზრი არ უკითხავს. ხედავთ, რომ ისინი ერთად იკრიბებიან და ეს თქვენთვის შოკისმომგვრელი არ არის. უცნაურები ვართ.
რუსეთთან სამიტის ჩატარებით შეპყრობილი არ ვარ. გულწრფელად გეტყვით, მე არ მჭირდება ევროკავშირის სამიტი ვლადიმერ პუტინის სანახავად. რამდენჯერმე შევხვდი მას და გავაგრძელებ შეხვედრებს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.