ენტონი ბლინკენი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საერთო ვალდებულებები ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და NATO-ს ალიანსის წინაშე.

"მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა მაკრონმა ხაზი გაუსვეს მოსკოვთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარების საერთო მიზნებს, რუსეთის აგრესიული და უპასუხისმგებლო საქციელის მოგვარების დროს, მათ შორის უკრაინის მიმართ.

მათ განიხილეს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იძულებითი ეკონომიკური პრაქტიკის გადასაჭრელად და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დამხობის მცდელობები.

მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა მაკრონმა გაცვალეს მოსაზრებები ტერორისტული საფრთხეების დაძლევის, დემოკრატიის მხარდაჭერისა და საჰელის რეგიონში აფრიკელი პარტნიორების შესაძლებლობების გაუმჯობესების შესახებ.

მათ ასევე განიხილეს აფრიკელ და სხვა პარტნიორებთან ერთად მიმდინარე ძალისხმევა ტიგრის ჰუმანიტარული კრიზისისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მოსაგვარებლად. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა ლიბანის ლიდერები გაერთიანდნენ ლიბანელი ხალხის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია დეპარტმენტის განცხადებაში.