ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, ლიეტუვის პირველი დიპლომატი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოძისის რაიონში ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილებისა თავისუფლება და სხვა უფლებები. მან ასევე ისაუბრა „ბორდერიზაციის“ პროცესზე, მავთულხლართებისა და სათვალთვალო პუნქტების განთავსებაზე.

"ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა არსებული გამოწვევები.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონახულების შესაძლებლობისთვის. პირველი დიპლომატების განცხადებით, მათ საშუალება მიეცათ არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ უშუალოდ პირველი პირებისგან მოესმინათ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა სადამკვირვებლო მისიის როლი დადებითად შეაფასეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდაში",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ.

როგორც ცნობილია, მინისტრები შეხვდებიან დავით ზალკალიანსა და ირაკლი ღარიბაშვილს.