საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს და ევროპისა და საერთაშორისო საკითხებში ავსტრიის ფედერალურ მინისტრ ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ალექსანდრე შალენბერგის, ბოგდან აურესკუსა და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ეგიდით ხორციელდება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, რომ ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებას, საოკუპაციო ძალების ყოველდღიურ პროვოკაციებს.
ხაზი გაესვა ამ პროცესებში და განსაკუთრებით ზაზა გახელაძისა და საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლების საკითხში ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ჩაერთულობის მნიშვნელობას.
მინისტრებმა მიმოიხილეს უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ინიციატივაზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის თაობაზე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შირის დიალოგს და რეგიონის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ საქართველოს მედიაციას, როდესაც ქართული მხარის უშუალო ჩართულობითა და პარტნიორების დახმარებით, 15 სომეხი ტყვე დაუბრუნდა სამშობლოს და მოხდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა აზერბაიჯანული მხარისთვის. აღინიშნა, რომ ეს ფაქტი გახდა ჰუმანიტარული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი, რომელიც რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს.
ხაზი გაესვა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლქიტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის მნიშვნელობას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.