რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა

ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყნაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა, – ამის შესახებ განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ, რომელმაც ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში გამართა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეგიონის სამივე ქვეყანაში ნაყოფიერი და მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდათ.

"დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გულთბილი მასპინძლობისთვის. ამ რეგიონს ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პირველი ერთობლივი ვიზიტია, რომელიც უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატის ფარგლებში ტარდება.

ამ ტურით ჩვენ გამოვხატეთ ევროპული სოლიდარობა და ჩართულობა, ასევე გამოვხატეთ ევროკავშირის ერთგულება, რომ ჩვენი პრიორიტეტია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყნაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. რამდენიმე სიტყვას ვიტყვი რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. გასულ თვეში ძალიან სასარგებლო დისკუსია გვქონდა ლისაბონში, სადაც გადავწყვიტეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გაგვეძლიერებინა და ეს ტურიც ამ დისკუსიის პირველი შედეგია.

ჩვენ მოვუწოდეთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რომ გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობის შეთანხმების ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა. სამივე ქვეყანაში მხარდაჭერა გამოვხატეთ. რეგიონული ფორმატის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებით. სამივე ქვეყანაში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, მაღალი დონის შეხვედრები. ასევე, მოვინახულეთ ადმინისტრაციული საზღვარი. ამ კონტექსტში მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მივულოცე საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში არსებული პროგრესი. ამ მიმართულებით ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ", - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: 19 აპრილის შეთანხმებას ხელი ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს