ავსტრიის საგარეო მინისტრი: ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოა და  დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ

"ევროკავშირის წევრი სამი სახელმწიფოს ამ ტიპის ვიზიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ მნიშვნელოვან ქვეყანაში, პირველი იყო და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. მივაღწიეთ იმას, რის გამოც ჩამოვედით სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში. ეს არის ნდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ვიზიტი, რომელიც აქ ჩამოსვლის შემდეგ ჩვენი უპირველესი მიზანი იყო. ეს ვიზიტი იყო იმის სიგნალი, რომ ევროკავშირი რეგიონის მიმართ ჩართულებასა და ერთგულებას ინარჩუნებს. ჩვენ რეგიონს სხვა აქტორებს არ დავუთმობთ", - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტი შეაჯამა.

მინისტრის თქმით, შეშფოთებულები არიან ე.წ ბორდერიზაციით.

"ვგეგმავთ, რომ მთელ რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგი შევქმნათ. მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის გვერდით.

ევროკავშირი და მათ შორის ჩვენი სამი ქვეყანა ნათლად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს საკითხი არ შეიძლება მოლაპარაკებების საგანი გახდეს.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ ე.წ.ბორდერიზაციით. ეს უბრალოდ მიუღებელია. ეს პროცესი კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა და ეს არის ის, რაც ხალხის ცხოვრებას პირდაპირ აზიანებს. ნება მომეცით, ამ კონტექსტში დავადასტურო, რომ საქართველოს მოქალაქეების დაკავება უკანონოა და ეს ადამიანები დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ.

რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, დიახ, მას ყველა ძალა უნდა შეურთდეს და ის სრულად უნდა განხორციელდეს და სლოგანი უნდა იყოს „ითამაშე წესების გამოყენებით და ნუ ეთამაშები წესებს!“- განაცხადა მინისტრმა.