დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა.
2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 18 ივლისს.
შეთანხმების 431-ე მუხლი ითვალისწინებს შეთანხმების ძალაში შესვლამდე, მისი დროებითი გამოყენების პირობებს. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დროებით გამოყენება ძალაში შევა შეთანხმების დეპოზიტარის მიერ შესაბამისი დოკუმენტების მიღების თარიღიდან მეორე თვის პირველ დღეს, რაც მოიცავს - საქართველოს მიერ შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებასა და ევროკავშირის საპასუხო შეტყობინებას ამ შეთანხმების მიმართ შესაბამისი პროცედურების დასრულების შესახებ, რომელშიც ასევე მითითებული იქნება შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც გამოიყენება დროებით.
2014 წლის 25 ივლისს შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელი გადაეცა ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რის საფუძველზეც გენერალურმა სამდივნომ ქართულ მხარეს გადმოსცა შესაბამისი ნოტიფიკაცია, სადაც შეთანხმების 431-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეთანხმების დროებითი გამოყენების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის პირველი სექტემბერი და ასევე მოწოდებულ იქნა შეთანხმების იმ ნაწილების ჩამონათვალი, რომელზედაც გავრცელდება დროებით გამოყენება, შეთანხმების ძალაში სრულად შესვლამდე.
2016 წლის პირველი ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები.
პირველი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.
ამ დღიდან ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება.