კვლევა: 20 000 წლის წინ, აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსის ეპიდემია იყო

CNN-ის ინფორმაციით, ავსტრალიელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ეპიდემია, დაახლოებით, 20 000 წლის წინ, აღმოსავლეთ აზიაში იყო.

როგორც გამოცემა სამეცნიერო ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს, უცნობია იმ პერიოდში ვირუსის რომელი სახეობა იყო გავრცელებული.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა მსოფლიოს 26 სხვადასხვა პოპულაციაში, 2 500-ზე მეტი ადამიანი შეისწავლეს.

„მათ დააფიქსირეს ადამიანის გენომის ადრეული ურთიერთქმედება კორონავირუსებთან, რამაც დატოვა გენეტიკური კვალი აღმოსავლეთ აზიის თანამედროვე ხალხის დნმ-ში“, - წერს CNN-ი.

მედიასაშუალების ცნობით, კორონავირუსის კვალი ჩინეთში, იაპონიასა და ვიეტნამში მცხოვრებ 5 სხვადასხვა პოპულაციაში გამოვლინდა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის რამდენიმე სხვადასხვა სახეობა გავრცელდა. მაგალითად, SARS-ი, MERS-ი და Covid-19.