მაშინ, როდესაც რუსთველის გამზირზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოპონენტებს ბრიფინგიდან უპასუხეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მმართველი გუნდი ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს. მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც მოიყვანა, რომელშიც მისი თქმით, მკაფიო გზავნილია ოპოზიციისთვის, რომ მეორე ტურისთვის მოემზადონ.
სხვა გეგმა აქვს ოპოზიციას - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს, მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს„ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააცნო და სამი საპროტესტო აქცია დააანონსა.
პირველი აქცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება. გარდა ამისა, შემდეგი აქცია ჩატარდება არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს. რაც შეეხება მესამე საპროტესტო აქციას, ის იმ დროს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.
ოპოზიციის მოთხოვნებშია, ხელახალი არჩევნები, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება.
საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით დღეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგისთვის მხარეებს ჯერ არ მიუღწევიათ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნები მეორე ტური 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება და თავისუფალი, სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესში.
მასალაში გამოყენებულია რადიო თავისუფლების ფოტო რუსთაველის გამზირიდან