თურქეთის ელჩი საქართველოში მუსტაფა თურქერ არი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე სააგენტო Anadolu-სთან საუბრობს. თურქერ არიმ განაცხადა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, ორივე ქვეყნის მოსახლეობა კმაყოფილია ლიდერთა დიპლომატიის შედეგად განვითარებული სტრატეგიული პარტნიორობით.
მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრები გახშირდა. მან გაიხსენა, რომ სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
ასევე, მუსტაფა თურქერ არიმ აღნიშნა, რომ ანტალიაში, თურქეთის მასპინძლობით გამართული COP31-ის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს შორის გაიმართა შეხვედრა. მისი თქმით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას და გამოითქვა კმაყოფილება ურთიერთობების განვითარების მიღწეული დონით.
ელჩმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მზარდ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ თურქი ბიზნესმენების ინტერესი საქართველოს მიმართ კვლავ მაღალია.
„ორ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. გასულ კვირას საქართველოში თურქეთის ელექტრო ენერგიისა და ელექტრონიკის ექსპორტიორთა კავშირის დელეგაცია იმყოფებოდა. წინა კვირას კი, თბილისში შეხვედრები გამართა სამსუნიდან ჩამოსულმა სავაჭრო დელეგაციამ. ჩვენი ბიზნესწრეების წარმომადგენლები, მონაწილეობენ საქართველოში გამართულ გამოფენებში. საქართველოში არსებული ხელსაყრელი ეკონომიკური გარემო თურქი ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ინვესტიციებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების მიზნით, მნიშვნელოვანია, თურქმა ბიზნესმენებმა ქართველ პარტნიორებთან ხშირი და აქტიური კონტაქტი შეინარჩუნონ. ამ მიმართულებით, საქართველოში თურქეთის საელჩო მზად არის, განახორციელოს ყველა საჭირო ინიციატივა და უზრუნველყოს სათანადო ხელშეწყობა, მათ შორის, ინფორმაციის გაზიარებისა და საქმიანი კონტაქტების დამყარების კუთხით.“
„აფხაზეთის იზოლაციის დასრულების ინიციატივასთან“ დაკავშირებული ბოლო მოვლენები
- 2026 წლის 17 ნოემბერს ანკარაში, სასტუმრო InterContinental Grand Ankara-ში, „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ პრეზენტაცია გაიმართა.
- შეხვედრას თურქეთის შვიდი ოპოზიციური საპარლამენტო პარტიის წევრები, თურქეთში მცხოვრები აფხაზური და ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები და აფხაზური დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
- ჯგუფის შექმნა უკავშირდება თურქეთში რამდენიმე თვით ადრე დაწყებულ კამპანიას, „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“. კამპანია თურქეთის ხელისუფლებისგან შემდეგ ნაბიჯებს მოითხოვს: თურქეთის სასაზღვრო პუნქტებზე „აფხაზური პასპორტების“ სამგზავრო დოკუმენტებად მიღებას; თურქეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი საბორნე და საჰაერო მიმოსვლის დაწყებას; აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას.
„აფხაზეთის იზოლაციის დასრულების ინიციატივასთან“ დაკავშირებული ბოლო მოვლენებზე საუბრისას, ელჩმა არიმ გაიხსენა, რომ 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თურქეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
არიმ აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი, ახლო მეზობელი და ისტორიული მეგობარია.
„ჩვენი ქვეყანა ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე მუდმივად უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის პრინციპული პოზიცია უცვლელია. თურქეთი, რომელიც 1999 წლის სტამბოლის მოლაპარაკებებსაც მასპინძლობდა, ყოველთვის ემხრობოდა სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას,“ - აცხადებს თურქი დიპლომატი.