ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში Sinoparm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები კვირის ბოლოს შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები Sinopharm-ი და Sinovac-ი კვირის ბოლოს საქართველოში შემოვა.

"იმ ვაქცინებით, რომლებიც ეტაპობრივად დაიწყებს შემოსვლას საქართველოში, კერძოდ შემდეგ კვირას ჩვენ უკვე გარკვეული მოცულობები გვექნება, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის მასობრივ პროცესს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი Sinopharm-ი და ნახევარი მილიონი Sinovac-ი უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს", - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას, საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შემდეგი თვიდან ქვეყანა მზად არის, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.

„რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია სწორედ მესამე კვარტალიდან, ანუ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე თბილისში, რომ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ. არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის და მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, ასევე ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებას და ყველა რეგულაციის დაცვას. ჩვენც მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დავიცვათ ყველა საჭირო ღონისძიება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.