ჯანდაცვის მინისტრი: მნიშვნელოვანია, ტურისტები ორჯერადი ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები ორჯერადად ჩატარებული ვაქცინაციის მიუხედავად საქართველოში შემოსვლის შემდეგ გაიტესტონ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია ტურისტებისგან მოვითხოვოთ საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, ვინაიდან ამ შემთხვევაში გვექნება მეტი გარანტია, რომ არ გვაქვს გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე. შესაბამისად, ტურისტების გადაადგილება, ვთვლით, რომ გაცილებით უფრო უსაფრთხო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საკმაოდ ფართოდაა გაშლილი ტესტირების ცენტრები, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის სააგენტოსთან ერთად ტურისტებსაც მოვუწოდოთ, რომ მათი ტესტირება არის მნიშვნელოვანი და მოხდეს სხვა უწყებების მხრიდან ამის კონტროლი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტი, რომელიც ორჯერადაა აცრილი საქართველოში დამატებით იყოს გატესტილი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.