იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარ სერჟანტს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, დღეს მოქმედი მთავარი სერჟანტები სარგებლობენ სამსახურებრივი იარაღით და ისინი, პრაქტიკულად, გადიან ყველა იმ საგანმანათლებლო-პროფესიული განვითარების ეტაპებს, რაც აუცილებელია ოფიცრებისთვის, და მათ შორის, უმაღლესი ოფიცრებისთვის.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონში ცვლილების შეტანა ზემოთ აღნიშნულმა ფაქტორმა განაპირობა.
„ვფიქრობთ, რომ სამართლიანი იქნება მთავარ სერჟანტებსაც მიეცეთ უფლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ჰქონდეთ იარაღის ტარების უფლება“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით 31 მოქმედი და სამსახურიდან დათხოვნილი 6 მთავარი სერჟანტის წოდების მქონე პირია.
ამასთან, პროექტის ამოქმედებამდე დათხოვნილ მთავარი სერჟანტის წოდების მქონე მოქალაქეებს, იარაღის ტარების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.
„დღეის მდგომარეობით, სამსახურიდან დათხოვნილი 4 მთავარი სერჟანტის წოდების მქონე პირია, რომელთაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“, - აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.