საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო არის გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური და მნიშვნელოვანი წევრი და პარტნიორებთან ერთად ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული.
როგორც ზალკალიანმა რომში მიმდინარე გლობალური კოალიციის შეხვედრისას განაცხადა, როდესაც ავღანეთში სრულდება სამშვიდობო მისია, საქართველოს აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია, რადგან კოალიციის წევრი ქვეყნები სწორედ საქართველოს იყენებენ ტრანზიტისთვის და ქვეყანა ერთგვარ რეგიონალურ ჰაბს წარმოადგენს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის გამოსაყვანად.
„გლობალური კოალიციის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავღანეთში მიმდინარე NATO-ს მისია დასასრულს უახლოვდება. მოგეხსენებათ დღეს ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დატოვა ავღანეთი, ჩვენმა სამხედროებმა ურთულეს მისიას წარამატებით გაართვეს თავი და ღირსეული წვლილი შეიტანეს გლობალურ უსაფრთხოებაში, რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც აქტიურად ჩავერთოთ პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევაში და ამის შესახებ ვისაუბრე დღევანდელ ჩემს გამოსვლაში”, - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, დავით ზალკალიანი გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილებს, რომელსაც კოალიციის წევრი 60-ზე მეტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მათ შორის NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ესწრებიან. შეხვედრას თანათავმჯოდმრეობას უწევენ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.