ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში სამუშაოს ნაკლებობა არ არის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოში სამუშაო ადგილების ნაკლებობა არ არის. ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს მშრომელი, კვალიფიციური ადამიანის რესურსი.

„დღეს ცოტა არაპოპულარული რამე უნდა ვთქვა. ყოველი გამოსვლა უნდა დაიწყოს იმით, რომ ქვეყანას სიღარიბე, უმუშევრობა და ყველაფერი უბედურება კლავს. ამ დროს რეალობასაც შევხედოთ - დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს მშრომელი, კვალიფიციური ადამიანის რესურსი. მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით განათლება კიდევ უფრო მეტად პრიორიტეტული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის უმთავრესი.

საქართველოში სამუშაოს ნაკლებობა არ არის, ჩვენთან არის ნაკლებობა სწორად ორიენტირებული, სწორად შეცვლილი ქცევის, სწორად ორიენტირებული პროფესიული განათლების და ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებული მიწოდების. თითოეული ჩვენი ოჯახი სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვგეგმავდეთ ცხოვრებას.

განათლება, განსაკუთრებით პროფესიული განათლება, თავისი ხარისხით და მასშტაბით არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი. სხვა მხრივ, რაც არ უნდა ვზარდოთ ბიუჯეტი და სოციალურ დახმარებებში ვარიგოთ, შედეგი არ გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.