მოსამართლეებმა მათ მიმართ კრიტიკას, ერთობლივი განცხადებით უპასუხეს

ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

მოსამართლეთა განცხადებით, სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან და მათი მხრიდან რაიმე ტიპის პოლიტიკური ზეგავლენისგან, ისე ნებისმიერი არაჯანსაღი ზემოქმედებისგან, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტებისგან შეიძლება მომდინარეობდეს.

ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, წარიმართება პოლიტიკურად მოტივირებული, უაღრესად არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.

ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს.

სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. დამოუკიდებელი სასამართლო კი, ნიშნავს უკეთ დაცულ ადამიანის უფლებებს, უკეთ უზრუნველყოფილ სამართლის უზენაესობას და მეტად განმტკიცებულ სამართლებრივ სახელმწიფოს.

მართლმსაჯულების სფეროში მიღწეულ ფუნდამენტურ პროგრესს ცხადყოფს გასული წლების სასამართლო სტატისტიკა და საერთაშორისო რეიტინგები“, - ნათქვამია მოსამართლეთა განცხადებაში.

განცხადებას ხელს 310-ზე მეტი მოსამართლე აწერს.