ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონზე: დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, არ არსებობს ერთიანი, სრულყოფილი ბაზა ბავშვების შესახებ

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პანსიონში ვიზიტს გააგრძელებენ.

მისი თქმით, ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ნახეს დოკუმენტაცია და ინფრასტრუქტურა.

"პირველ რიგში, ეს იყო გაცნობითი შეხვედრა. როგორც აქამდე ვამბობდი, რა თქმა უნდა, იყო გაუცხოება ბავშების მხრიდან, ცრუ წარმოდგენები, შიშები, ამიტომ დღევანდელი ვიზიტის მთავარი დანიშნულება იყო ჩვენ გავცნობოდით ბავშვებს, შევსულიყავით კონტაქტში, გავესაუბრეთ მათ. რა თქმა უნდა, ვიზიტები გაგრძელდება.

ასევე, პირველადად, რაც შესაძლებელი იყო, გავეცანით დოკუმენტაციას და გვაქვს პირველადი რეკომენდაციები. უპირველეს ყოვლისა, დოკუმენტაცია იქნება მოსაწესრიგებელი, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრია და ცოტა ქაოსურად არის - ერთი დღე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველაფერს გავეცნოთ. პირველადი რეკომენდაცია არის, რომ ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს", - განაცხადა სახალხო დამცველა.

მისი თქმით, არსებობს სრული მზაობა, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული.

"არსებობს ჩვენთან თანამშრომლობის სრული მზაობა. ჩვენ გავაგრძელებთ დოკუმენტაციების შესწავლას, ერთი დღე ნამდვილად არ იქნება საკმარისი. პირველ რიგში, ბავშვების დოკუმენტაცია იქნება სანახავი. ერთი შეხედვით რაც დავინახეთ, არ არსებობს ერთი სრულყოფილი მონაცემები, ვგულისხმობ ბაზებს ბავშვების შესახებ. რამდენიმე სია არის და მოგვიწია მთელი დღის განმავლობაში შედარება ამ სიების. გარკვეული დასკვნების გაკეთებას არ ვიჩქარებ, განსხვავებები ამ სიებში ვნახეთ, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჩავიდა