ქ.რომში, გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკა ჰაავისტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვეს ფინეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გამო და გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ ორ ქვეყანას შორის კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის.
"დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მძიმე შედეგების დაძლევის და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობის მნიშვნელობა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრმა კოლეგას გააცნო "ასოცირებული ტრიოს" დაფუძნების და ბრიუსელში განხორციელებული ვიზიტის შედეგები. ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს სამშვიდობო როლზე და მისი განგრძობითობას მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დავით ზალკალიანი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილეობს