ჯო ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტს: ირანი ბირთვულ იარაღს არასდროს მიიღებს

"ირანი ბირთვულ იარაღს არასდროს მიიღებს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრეზიდენტს, რეუვენ რივლინს, თეთრ სახლში შეხვედრისას განუცხადა. ინფორმაციას Timeofisrael-ი ავრცელებს.

ბაიდენის განცხადებით, კოლეგასთან შეხვედრის დახურულ ნაწილში, სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ირანის თემას განიხილავდნენ.

"როგორც ამერიკის პრეზიდენტი, ისრაელის მიმართ ჩემი ერთგულება - ურყევია. ეს არის ის, რასაც მე ხშირად ვამბობ: "ისრაელი რომ არ ყოფილიყო, მისი შექმნა მოიგვიწევდა". ეს ისრაელის თავდაცვის უფლების ურყევ მხარდაჭერას მოიცავს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ისრაელის ახალ მთავრობასთან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობს.

ბაიდენმა ისრაელის-პრემიერ მინისტრი თეთრ სახლში მიიწვია.

"ძალიან მალე ველოდები პრემიერ მინისტრ ბენეტს თეთრ სახლში", - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენი ასევე ამბობს, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდის ურთიერთობის ნორმალიზაციას.

"აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ჩვენ ნამდვილად ველოდებით მშვიდობისა და სტაბილურობის ფართო ბლოკს.

აშშ და ისრაელი გააგრძელებენ ერთად მუშაობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად", - აცხადებს ბაიდენი.