ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება. როგორც ცნობილია, დღეს ტექნიკური, სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიმართება, ხვალ კი, დისკუსიის ძირითადი რაუნდი.
ქართული დელეგაციის ინფორმაციით, მთავარი განსახილველი თემა ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, უკანონო ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება იქნება. ამასთანავე განიხილავენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების, მათ შორის ზაზა გახელაძის, გათავისუფლების საკითხს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მძიმე იქნება.
„მორიგი, 53-ე რაუნდი გაიმართება 30 ივნისს. ჟენევის მოლაპარაკებები არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე და მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იქნება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები არიან დაკავებულები, ბატონი გახელაძე, ასევე ყველა სხვა შემთხვევა, გრძელდება ბორდერიზაციის პროცესი, ეს ყოველთვის მძიმე ფონს ქმნის მოლაპარაკებათა რაუნდებზე. შესაბამისად, ეს რაუნდიც საკმაოდ მძიმე იქნება“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხსაც დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო პარტნიორებთან ერთად საუბრობენ.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები.