თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება.
უწყების ცნობით, NATO-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მათ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს.
"საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ჰუბერტ ქნირში და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ლარს უკერვიცი გაეცნენ. მათ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილსა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალს, პოლკოვნიკ სერგო ნინუას გაწეული მხარდაჭერისა და ლოჯისტიკური პროცედურების მაღალ დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
გერმანელი დიპლომატების განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო მხარდაჭერის მეშვეობით, ჯარების გამოყვანის პროცედურები უფრო ეფექტიანად და სწრაფად ხორციელდება.
საქართველ, ავღანეთიდან NATO-ს ჯარების გადმოსროლის პროცესში, საქართველოსა და NATO-ს შორის ტრანზიტის უზრუნველყოფისა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ მოქმედი ხელშეკრულების თანახმად მონაწილეობს, რომელიც NATO-ს ძალებისთვის, მისი პერსონალისთვის, NATO-ს კონტრაქტორებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ითვალისწინებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.