ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში კოვიდინფექცია საქართველოში შემოსულ 400-მდე ტურისტს დაუფიქსირდა

„მეტი სიფრთხილე გვმართებს, „დელტა“ შტამი ინტენსიურად ვრცელდება“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისრაელის მაგალითიც მოიყვანა, სადაც „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, პირპადის ტარება ისევ სავალდებულო გახდა დახურულ სივრცეში. ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, საქართველოში „დელტა“ შტამის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამირან გამყრელიძე ზაფხულს ერთგვარ დანის პირზე გავლად აფასებს და აღნიშნავს, რომ ახლა, როცა ეკონომიკის გახსნა მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ, აუცილებელია რეგულაციების დაცვა.

„ახლა მივდივართ ოქროს შუალედით, დანის პირზე. აუცილებელია, რომ ეკონომიკას მეტი თავისუფლება მიეცეს, თუმცა ეპიდსიტუაცია რომ არ გაუარესდეს, მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვაც“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ტურისტებში კოვიდინფექციის დადასტურებაზე.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთ თვეში კოვიდინფექცია 400-მდე ტურისტს დაუფიქსირდა.