26 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს. ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა, მონაწილეობას მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იღებენ.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით - 13-9 დამარცხდა.
როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წყალბურთელთა ნაკრების თამაშზე დიდი მეტოქეობა იყო.
"აშშ-ის საელჩომ სიამაყით დაუჭირა მხარი ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებს, მუდამ გულუხვი მასპინძლის, საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-საქართველო ახლო სტრატეგიული პარტნიორები არიან, სპორტულ არენაზე დიდი მეტოქეობა იყო.
ვულოცავთ ამერიკის გუნდს დიდი ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას.
თამაშს ელჩი კელი დეგნანი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.
მათ მოთამაშეებს გულშემატკივრობის შემდეგ მთავარი მოთამაშის ჯილდოებიც გადასცეს. აშშ-ის მხრიდან ელჩმა დეგნანმა ჯილდო მაქს ირვინგს გადასცა. მომავალ ტურნირებში საელჩო ორივე გუნდს წარმატებას უსურვებს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.