აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შტატები აბუ-დაბიში ისრაელის საელჩოს გახსნას მიესალმება.
„საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაპიდის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტი და ისრაელის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვანია ისრაელისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და რეგიონისთვის. აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას ისრაელთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და გავაძლიერებთ ჩვენი პარტნიორობის ყველა ასპექტს და ვიმუშავებთ უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და წარმატებული მომავლის შესაქმნელად“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა. ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, იარი ლაპიდი აბუ-დაბიში ისრაელის საელჩოს და დუბაიში ისრაელის გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიას დაესწრება.