გერმანიის ელჩი: ყველაფერი შესანიშნავად მიდის. საქართველოს მხარდაჭერის გარეშე ავღანეთიდან ჯარისკაცების უკან დაბრუნების პროცესი ასე უპრობლემო არ იქნებოდა

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ ჯონი ტატუნაშვილთან ერთად თბილისის აეროპორტში განლაგებულ გერმანულ საჰაერო სატრანსპორტო ბაზას სტუმრობდა. ეს ბაზა ჩრდილოეთ ავღანეთიდან NATO-ს ჯარების გადაადგილების ცენტრს წარმოადგენს.

„ეს არის საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და NATO-ს-ს შორის კარგი თანამშრომლობის მაგალითი. ყველაფერი შესანიშნავად მიდის. საქართველოს მხარდაჭერის გარეშე ჯარისკაცების უკან დაბრუნების პროცესი ასე უპრობლემო არ იქნებოდა”, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო NATO-ს ქვეყნებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, NATO-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მათ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს.