ჯეიმს აპატურაი: ჩემს თავს ვხედავდი არამხოლოდ როგორც NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, არამედ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს NATO-ში

ჯეიმს აპატურაი, საქართველოში ბოლო ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ის შეხვდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს და „აზრის ლიდერებს“, განიხილავს NATO-ს სამიტის მთავარ გზავნილებს საქართველოსთვის და წაახალისებს შემდგომ რეფორმებს, რაც საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს NATO-სთან. ჯეიმს აპატურაი ამ თანამდებობაზე დაახლოებით ათი წელი მსახურობდა და გააგრძელებს მუშაობას როგორც გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების გამოწვევების მიმართულებით.

„ჩემს თავს ვხედავდი, არამხოლოდ როგორც NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, არამედ ასევე საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს NATO-ში, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ საქართველო NATO-ს დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და არსებობს NATO-საქართველოს თანამშრომლობის ხელშესახები საფუძველი“, - ციტირებს აპატურაის NATO-ს სამეკავშირეო ოფისი.

,,ეს იქნება ბატონი აპატურაის, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი. ვიზიტი წარმოადგენს ბატონი აპატურაის რეგულარული კონსულტაციების ნაწილს საქართველოს ოფიციალურ პირებთან.

ეს ასევე იქნება შესაძლებლობა, შევაფასოთ საქართველოსთან NATO-ს გრძელვადიანი პარტნიორობის მიმდინარე განვითარება და გავუზიაროთ ხედვები ამ თვეს, ბრიუსელში (ბელგიაში) ჩატარებულ NATO-ს სამიტთან დაკავშირებით", - განუცხადეს Europetime-ს NATO-ში.

ექსკლუზივი: NATO: ჯეიმს აპატურაის ვიზიტი იქნება NATO-ს სამიტის შეჯამება და საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე მსჯელობის შესაძლებლობა