დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავალწლოვან ხეებს უკიდია.
ნაკრძალის წარმომადგენლის, ვაჟა ჩერქეზიშვილის თქმით, ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ამის შესახებ მან "პირველ არხს" განუცხადა.
„სავარაუდოდ ხეს მეხი დაეცა, ამის შემდეგ კვამლი შევნიშნეთ. სამი ათეული წელია, ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა ზაფხულში არ მახსოვს. რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერ არ ვიცით. მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს გასავლელი“, - განაცხადა ვაჟა ჩერქეზიშვილმა.
ადგილზე მობილიზებულია დედოფლისწყაროს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.