NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.
როგორც ალიანსის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში წლების განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ის მიესალმა საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე საქართველოს ფოკუსირებას, რაც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
იენს სტოლტენბერგმა და ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს სამიტის შედეგები განიხილეს, რომელზეც ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს NATO-ს ურყევი მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკისადმი.
,,NATO-ს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისაუბრეს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობაზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. NATO-ს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა NATO-ს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.