„დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გლობალური კრიზისების დაძლევის გზებზე ისაუბრეს

„დიდი ოცეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გლობალური კრიზისების, მათ შორის კორონავირუსული პანდემიისა და კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევის მრავალმხრივ გზებზე ისაუბრეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„პანდემიამ საგანგებო სიტუაციებზე საერთაშორისო რეაგირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება“, – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ შეხვედრაზე.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჰეიკო მაასმა სინანული გამოთქვა შეხვედრაზე რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების არყოფნის გამო.

„როდესაც ვიკრიბებით, საჭიროა ერთმანეთთან საუბარიც. ჩვენ რუსეთთან და ჩინეთთან დიალოგი გვჭირდება“, – აღნიშნა მაასმა.

შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ღარიბი ქვეყნებისთვის გაცილებით მეტი ვაქცინის გადაცემის აუცილებლობას.

„ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და აღნიშნული ეფექტურად განვახორციელოთ. მულტილატერალიზმი არის ის, რაც ამის შესაძლებლობას იძლევა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და საუდის არაბეთის პირველმა დიპლომატებმა ლიბანთან დაკავშირებული კრიზისიც განიხილეს.

დამატებით, ბლინკენმა ცალკეული შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან და მასთან იემენში მიმდინარე კონფლიქტი განიხილა.

„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთდღიანი შეხვედრა იტალიის ქალაქ მატერაში ორწლიანი პაუზის შემდეგ გამართეს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, რომში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერების სამიტი იგეგმება.