გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო მინისტრები: ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას

გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დომინიკ რააბმა და ჰეიკო მაასმა, ორი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, საგარეო და თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტში, რომელიც მრავალ საკითხს ეხება, საუბარია, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებზეც.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი და მხარს ვუჭერთ მრავალმხრივ თანამშრომლობას.

ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების გატარების პროცესების მხარდაჭერას რეგიონის ექვსივე ქვეყანაში, საზოგადოებისათვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად და როგორც შიდა, ისე გარე დარტყმების მიმართ პარტნიორი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მიზნით.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ რეფორმის მდგრადი განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის კუთხით, ასევე, ყურადღებას ვამახვილებთ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, კლიმატის ცვლილებაზე.

სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის საჭიროებას, როგორც ორი ერის დაახლოებისა და შერიგების ერთადერთ გზას", - ნათქვამია დოკუმენტში.