კომპანია Moderna-ს განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის "ინდური შტამის" წინააღმდეგ ეფექტურია

კომპანია Moderna-ს მიერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „დელტა“ ("ინდური შტამი") ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტურია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა კვლევა 8 ადამიანის სისხლის ნიმუშზე ჩაატარეს და ნიმუშები ამ ადამიანების მიერ ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ აიღეს. აღმოჩნდა, რომ Moderna-ს ვაქცინა ბევრად უფრო ეფექტური იყო „დელტა“ ვარიანტის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნის კუთხით, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში პირველად გამოვლენილი „ბეტა“ ვარიანტის წინააღმდეგ.

„ახალი მონაცემები დამაიმედებელია და გვიმტკიცებს რწმენას, რომ Moderna-ს ვაქცინა ახლად აღმოჩენილი ვარიანტების წინააღმდეგაც გააგრძელებს ჩვენს დაცვას," - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანი ბანცელმა.