„მონაწილეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, დაკავებები, უგზოუკვლოდ დაკარგული პირები, გადაადგილების თავისუფლება და კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოების სიტუაცია.", - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის გამართვას ეხმაურებიან და განცხადებას ავრცელებენ.
მათი თქმით, 53-ე რაუნდის დროს, მონაწილეებმა შეხვედრა ორ ცალკეულ ჯგუფად გამართეს, რომელიც ფოკუსირებული იყო უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებზე.
"ადგილზე უსაფრთხოების საერთო მდგომარეობა შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური, თუმცა მონაწილეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, დაკავებები, უგზოუკვლოდ დაკარგული პირები, გადაადგილების თავისუფლება და კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოების სიტუაცია.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის მთავარ საკითხს, რომელიც ეხებოდა ძალის გამოუყენებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებს.
მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული შედეგების მოგვარებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით. მათ ასევე განიხილეს შესაძლო ერთობლივი ძალისხმევა თემების პოსტპანდემიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. ამასთან დაკავშირებით, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს მონაწილეებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა.
თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას ერგნეთში და აღნიშნეს, რომ აუცილებელია გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების განახლება", - ნათქვამია განცხადებაში.
თანათავმჯდომარეების ინფორმაციით, რამდენიმე მონაწილის მიერ მოლაპარაკებების დატოვების გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხზე არსებითი დისკუსია ვერ შედგა.
"თანათავმჯდომარეებმა კვლავ მოუწოდეს ყველა მხარეს, ნდობის აღდგენის ძალისხმევა გაზარდონ, მოაგვარონ უსაფრთხოების ყველა ელემენტი და უზრუნველყონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა", - ნათქვამია განცხადებაში.