კახა კუჭავა თამარ ჟვანიას გადადგომაზე: ვისურვებდი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მას გარკვეულ საკითხებში ბრალს დებდნენ და ეს ვერ დაადასტურეს, ბოდიში მოუხადონ

„დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თამარ ჟვანიას მიერ ცესკ-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან და ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესთან დაკავშირებით. ის იმედოვნებს, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი ღია და ინკლუზიური იქნება და შეირჩევა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს.

კახა კუჭავას თქმით, ადამიანები, რომლებიც თამარ ჟვანიას ბრალს სდებდნენ, უნდა გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ.

„უმნიშვნელოვანესია, რომ ყველანაირი პროცესი, მით უმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირის არჩევის პროცესი იყოს სრულად ინკლუზიური, გამჭვირვალე და კითხვის ნიშნები არ დარჩეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამაზე, მე მგონი არც არავინ არ არის წინააღმდეგი და თუ რამე მოსამზადებელი პროცესი წარიმართება პარლამენტში, აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი, რომ იყოს ბოლომდე გამჭვირვალე და იყოს ყველას ჩართულობა.

ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევისას კრიტერიუმები ალბათ, ყველასთვის ცნობილია - დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ამ საქმის პროფესიონალობა, რომელიც უნდა იყოს ალბათ, გამოცდილებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო რაც შეეხება პროცესს ფაქტია, რომ პარლამენტში გადაინაცვლებს ეს პროცესი და საჭირო არის, რომ კონსენსუსით მოხდეს ამის შეთანხმება. თუმცა, არის შესაბამისი მექანიზმებიც, რომლებიც გამორიცხავს ჩიხში შევიდეს ეს პროცესი, ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ღია და ინკლუზიური პროცესი იქნება და შეირჩევა კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს.

დასრულდა ის დრო, როდესაც ვინმე თანამდებობიდან იძულებით მიდიოდა, მით უმეტეს, მას ჰქონდა გარანტირებულად არჩეული ვადა და მას შეეძლო, ეს ვადა გამოეყენებინა ბოლომდე, ამიტომ ზედმეტია ამაზე საუბარი. ფაქტი ერთი არის, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, ხდება ბრალდებების წარმოდგენა, ტალახის სროლა და ბოლომდე განადგურება ადამიანის და შემდეგ ვერც ამტკიცებ იმას, რასაც ამბობდი, არ გაქვს არგუმენტები. რა თქმა უნდა, პიროვნულად რთულია ამის გადატანა.

პოლიტიკოსებს ეს ხშირად გვაქვს გავლილი, როდესაც აბსოლუტურად არა არგუმენტირებულად ხდება კრიტიკა და მიწასთან გასწორება და შემდეგ ვერც ამტკიცებ რეალური მიზეზი, ან არგუმენტი რა იყო ამის გაკეთების. თამარ ჟვანიამ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და მე არ მიკვირს, თუმცა მე ვისურვებდი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მას გარკვეულ საკითხებში ბრალს დებდნენ და ეს ვერ დაადასტურეს, ეყოთ ის ღირსება, გამოვიდნენ და მას ბოდიში მოუხადონ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი შარაბიძე შეასრულებს

როგორც ეხმაურებიან თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა