როგორც ეხმაურებიან თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები

დღეს თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ჟვანიამ დაწერა, ის პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულებას, რითაც პოლიტიკურ მხრეებს მისცემს საშუალებას განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ:

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თამარ ჟვანიას ეს ნაბიჯი ადრეც უნდა გადაედგა - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შერჩეული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე.

„თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი. ისეთი არჩევნების შემდეგ, რაც ვნახეთ, ეს ნაბიჯი მას უფრო ადრეც უნდა გადაედგა, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მართლაც ისეთი თავმჯდომარე იყოს არჩეული, რომელიც შეძლებს, თვითმმართველობის არჩევნების ისე ჩატარებას, რომ წლევანდელმა არჩევნებმა რეალური შედეგი მოგვცეს და ადამიანების ხმის მიტაცება არ მოხდეს. კანდიდატი შერჩეული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით “, - განაცხადა ჯაფარიძემ.

თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

"ყველა სპეკულაცია, რომელიც აქამდე იყო, რისთვის მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და რა მოგვიტანა შარლ მიშელის დოკუმენტმა, ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს. ის, რომ თამარ ჟვანია გადადგა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რეფორმის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ინტეგრაცია საარჩევნო კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ნდობა არჩევნებთან მიმართებით",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა მმართველი გუნდის კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ჟვანიას გადადგომა „ქართული ოცნების“ მხრიდან უმნიშვნელო დათმობა იყო.

„ჩემი აზრით, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, „ოცნება“ მუდმივ რეჟიმში ცდილობს ამ შეთანხმების იმდაგვარად გაღუნვას, რომ მას აზრი დაუკარგოს... ჟვანიას გადადგომა მხოლოდ კონსტრუქციულობის თამაშია საერთაშორისო პარტნიორების დასანახად – ყველა მნიშვნელოვანი თემის გაჭედვის ფონზე, უმნიშვნელო დათმობა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ხვედელიანის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან წასვლას ალტერნატივა არ ჰქონდა.

"ახლა მთავარია, რომ ჩვენ არ მივიღოთ ახალი თამარ ჟვანია, ეს ჩვენ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით უნდა დავაზღვიოთ“, - აცხადებს ხვედელიანი.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადადგომა "იმ ზეწოლის შედეგია, რომელიც საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო, თუმცა, იპოვნიან სხვას, რომელიც შეასრულებს ივანიშვილი-კობახიძის დავალებას".

"რა თქმა უნდა, ეს არ არის თამარ ჟვანიას მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი. ეს გარკვეულწილად არის იმ ზეწოლის შედეგი, რომელიც საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო, მაგრამ თამარ ჟვანიას ხომ არავინ დასჯის, ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ, იპოვნიან მეორე თამარ ჟვანიას. ხელისუფლება რომ აღიარებდეს გაყალბებულ არჩევნებს და სჯიდეს თამარ ჟვანიას, რა თქმა უნდა, ის ვერ იპოვის მეორე შემსრულებელს, რომელიც გააყალბებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს... არჩევნების გაყალბება თამარ ჟვანიას ხომ არ უნდოდა, ეს მისი ინტერესი არ იყო, ის ასრულებდა უბრალოდ იმ დავალებას, რომელიც მოდიოდა ივანიშვილის, კობახიძისგან და სხვებისგან", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "კარგი იქნებოდა თამარ ჟვანიას ჯერ ოპოზიციისგან ბოდიში მოესმინა და შემდეგ გადამდგარიყო".

„ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ამაში ბუნებრივია, სხვა ვერავინ ჩაერევა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოსი უკვე დადასტურებულია. ამის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიასა და ცესკოს სიმართლეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "თამარ ჟვანიას მიმართ ყველა ადამიანს სოლიდარობის გრძნობა უნდა ჰქონდეს, ვინც იცის, რას ნიშნავს, ბულინგის ასეთი ინტენსივობა, რომელიც მან განიცადა - მას არაფერი ისეთი არ ჩაუდენია".

"დასავლეთის დამოკიდებულება იყო ერთი - არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და არავითარი პრეტენზია ცესკო-ს მიმართ არ ჰქონიათ. უფრო მეტსაც გეტყვით, თანამდებობიდან გადადგა ის, ვინც სწორედაც მოახდინა ფალსიფიცირება ამ მონაცემების და რომელსაც დაეყრდნო საპროტესტო მოძრაობა. თამარ ჟვანიას საქმიანობა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ და არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს რაიმე დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე, პირიქით, თავის ქვეყანას პატიოსნად ემსახურა და არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რაც ასეთი გააფთრებული ბულინგის წინაპირობა და საფუძველი ყოფილიყო", - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას მის სუბიექტურ გადაწყვეტილებად აფასებს და ამბობს, რომ „სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს”.

"დაუმსახურებელი იყო იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაცაა არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა. იყო ხარვეზები, მაგრამ დარღვევები არ ყოფილა. იყო თუ არა მისი გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ, არ მგონია. რატომ თვლიდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს",- განაცხადა სერგეენკომ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ჟვანიას პირად გადაწყვეტილებად აფასებს.

„როგორც ჩანს, თამარ ჟვანიას პირადი გადაწვეტილება იყო. არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება ახლა მიმდინარე პროცესებთან დავაკავშიროთ. ასევე, არ შემიძლია, იმ ცრუ, არასწორ ბრალდებებს არ გამოვეხმაურო, რომელიც მძიმე დარტყმის სახით მიიღო პირადად თამარ ჟვანიამ. ეს მართლაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო, რადგან დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გარდა, ამ მიმართულებას დიდი პროპაგანდისტური მხარდაჭერა ჰქონდა. მაგრამ საკმაოდ ღირსეულად გაართვა თავი თამარ ჟვანიამ ამ გამოწვევას და უზრუნველყო, რომ ინსტიტუციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა, სწორად და გამართულად ეფუნქციონირა, რაც დასაფასებელია. საბოლოოდ, ყველაფერს ფარდა აეხადა და რეალურად გამოვლინდა, რომ თამარ ჟვანიას მიმართ გაკეთებულ ბრალდებებს არანაირი საფუძველი და დასაყრდენი არ გააჩნდა", - აცხადებს სარჯველაძე.

"არც ერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა", - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას თანამდებობის დატოვების საკითხს.

როგორც კობახიძე Facebook-ის გვერდზე წერს, ჟვანიას მიმართ არსებული ბარლდებები ვერ დასაბუთდა.

„ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები: - გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი); - გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა; - გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება; - გაუყალბეს არჩევნების გაყალბება... ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, „ენჯეოებმა“ და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ. თუმცა, არცერთ პარტიას, „ენჯეოს“ და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა“, - წერს კობახიძე.

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა

თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ცესკოში განცხადება გაკეთდა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი 28 იანვარს დაუჭირა. მის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.

ცესკოს ახალ თავმჯდომარეს პარლამენტი ორი დღის წინ მიღებული ახალი წესით აირჩევს