ევროპის საინვესტიციო ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის საქართველოს 106.7 მილიონი ევრო გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ბანკმა საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის - აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის, დამატებით 106.7 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის გუნდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირის ბანკი დააფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობას, რომლითაც ავტომაგისტრალი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდება.

ინვესტიცია გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას იმ საავტომობილო გზის 388 კმ სიგრძის მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საგზაო არტერიას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ევროკავშირის ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დარგებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების მხარდასაჭერად უკვე დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

"ევროკავშირის ბანკიდან მიღებული სესხით დაფინანსდება ორი მონაკვეთის განახლების სამუშაოები: პირველი, ალგეთსა და სადახლოს შორის მდებარე 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, და მეორე, რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი. ამ ორი განახლებული მონაკვეთით ავტომაგისტრალი შესაბამისად სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე გაგრძელდება.

მოდერნიზაციის შედეგად ავტომაგისტრალზე გაიზრდება საგზაო მოძრაობას უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობისა და სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები და გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობა. აღნიშული სამუშაოების განხორციელების შედეგად ასევე გაუმჯობესდება და გაადვილდება კავშირები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით გაუმჯობესდება ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების პირობები, აგრეთვე გაიზრდება ქვეყნის მდგრადობა ისეთი სერიოზული რისკების მიმართ, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემია. ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს სარგებელს ათწლეულების განმავლობაში მოუტანს. ეს ინვესტიცია ასევე ხელს შეუწყობს ევროპის გუნდის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან საქართველოს დასახმარებლად. აღნიშნული ინვესტიცია ემატება იმ 170 მილიონ ევროს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა მხოლოდ 2020 წელს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოყო“. - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე.

"ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის/E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებაში. აღნიშნული ავტომაგისტრალი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს დასავლეთ საზღვართან აკავშირებს, რაც საქართველოს აზიასა და ევროპას შორის საუკეთესო სატრანსპორტო დერეფნად და ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს და აგრეთვე გვაკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირთან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკის გუნდს ჩვენი რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების დღის წესრიგის მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.” - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

კარლ ჰარცელმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, აღნიშნა: „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგზაო არტერიაა და ევროკავშირის შეუძლია იამაყოს იმით, რომ საკუთარი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. აღნიშნული დახმარების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები და ასევე გაძლიერდება, საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ცენტრის, პოზიცია“.

"უსაფრთხო, სწრაფი და თანამედროვე კავშირი საქართველოსა და რეგიონისთვისდასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გახდება არსებული სატრანსპორტო კავშირების უფრო სწრაფი და უსაფრთხო ალტერნატივა და საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართავს. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) მოიცავს მთელ ევროკავშირს და აძლიერებს ევროკავშირის სოციალურ, ეკონომიკურ და ტერიტორიულ ერთობას, ხოლო მისი გაფართოებული ქსელები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ანალოგიური სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას 2012 წლიდან ეხმარება, რითიც ხელს უწყობს ევროპის გუნდის იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების გატარებისაკენ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოყოფილ იქნა დაახლოებით 1 მილიარდი ევრო, რაც ბანკის მიერ ქვყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითქმის ნახევარია.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია წარმოადგენს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ნაწილს, რომელიც გარანტირებულია ევროკავშირის მიერ. ევროკავშირმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიციები 26 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით შეავსო.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.