დღეიდან ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია Twitter-ზე ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სერტიფიკატი ციფრულ და ბეჭდურ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. დოკუმენტი QR-კოდს შეიცავს და უფასოდ გაიცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, სერტიფიკატები სამი ტიპის იქნება: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი და ვირუსისგან გამოჯანმრთელების სერტიფიკატი.
კორონავირუსით დაავადებულ პირებს სერტიფიკატის მიღება PCR ტესტის დადებითი პასუხიდან 11 დღის შემდეგ შეეძლებათ. ის ძალაში 180 დღის განმავლობაში იქნება. ანტისხეულებზე სერტიფიკატის გაცემა ჯერ არ განიხილება.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეძლებენ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას სერტიფიკატის მფლობელებისთვის (კარანტინი, იზოლირება ან ტესტირება), თუ აუცილებელი არ არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.
სერტიფიკატი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში მოქმედებს.