სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ვაზიანი-21“ საბრძოლო სროლებით დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე ასეულის დონის სამეთაურო-საშტაბო სიტუაციური სწავლება "ვაზიანი-21“ დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამხედრო წვრთნები 72 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მე-4 მექანიზებული ბრიგადის ყველა ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობდა.

სწავლების დასკვნით ეტაპზე მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ოპერატიული ბრძანების გაცემის, ქვედანაყოფების სასწავლო თავმოყრის რაიონში გადაყვანის, შეტევითი, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და უკან გამოსვლის ამოცანები შეასრულეს.

სწავლებაში ჯავშანსატანკო, საინჟინრო, ტანკსაწინააღმდეგო, საარტილერიო და ჰაერსაწინააღმდეგო კომპონენტები იყო მოზიდული.

„ვაზიანი-21“ სწავლების მიზანი მე-4 მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფებს შორის მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, ურთიერთქმედების დახვეწა და კოორდინირებული მოქმედებები იყო.