აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები რუსეთს ასობით ორგანიზაციის წინააღმდეგ კიბერთავდასხმებში ადანაშაულებენ

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო მსოფლიოს მასშტაბით სამთავრობო და კერძო სტრუქტურებზე კიბერთავდასხმების განხორციელებაში დაადანაშაულეს.

ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, კამპანიის სამიზნე ასობით ამერიკული და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, მათ შორის აშშ-ის სამთავრობო და სამხედრო სტრუქტურები.

„2019 წლიდან 2021 წლის დასაწყისამდე რუსეთის გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ Kubernetes-ის კლასტერი გამოიყენა მასშტაბური კიბერთავდასხმებისთვის, რომლის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით სამთავრობო და კერძო სტრუქტურებზე წვდომის მიღება იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

22 ივნისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს საპასუხო კიბერთავდასხმების შესახებ არ გააფრთხილებს.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ჟენევაში გამართულ სამიტზე ჯო ბაიდენმა რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმების თემა წამოწია.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ თუ ამერიკულ ობიექტებზე ჰაკერული თავდასხმები გაგრძელდება, მოსკოვი ამისთვის პასუხს აგებს.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ის სფეროა, რომელსაც ვაკვირდებით და უფლებას ვიტოვებთ, ისეთი ქმედებები განვახორციელოთ, რომელიც შედეგებს გამოიწვევს. ჩვენ გაფრთხილების გარეშე ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.