საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კონკრეტულად, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის ელჩები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ პირველ ღონისძიებასა და დახურულ კინოჩვენებას ეხმაურებიან, რომელმაც საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ LGBT+ თემი იბრძვის თავისუფლებისა და თანასწორობის იმავე ხარისხისთვის რაც სხვებს აქვთ.
,,დავესწარი ბრიტანული ფილმის ჩვენებას. საქართველოში LGBT+ თემი იბრძვის თავისუფლებისა და თანასწორობის იმავე ხარისხისთვის რაც სხვებს აქვთ.
ღირსეული, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან თავისუფალი ცხოვრების უფლება უნივერსალურია.
მივესალმები სამართალდამცავთა ძალისხმევას, რომ ჩვენებას მშვიდობიანად ჩაევლო", - წერს ელჩი Twitter-ზე
საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასიც აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა პროფესიონალურად შეძლეს სიტუაციის მართვა.
,,მშვენიერი საღამო, ინსპირაციული ფილმი LGBT+ თემის უფლებების შესახებ და უფრო ფართოდ ადამიანის უფლებებზე, მრავალფეროვნებაზე, თანამედროვეობაზე საქართველოში. სამართალდამცავი ორგანოების მიერ საღამოს ძალიან პროფესიონალურად ჩატარება მოხდა. ყველას გილოცავთ", - წელს კოლასი Twitter-ზე.
ისრაელის ელჩის რან გიდორის თქმით, ამაყობს, რომ ესწრებოდა დღევანდელ გახსნით ღონისძიებას.
ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.