ნედ პრაისი: აშშ ჩინეთის ბირთვული შეიარაღების სწრაფი ზრდის გამო შეშფოთებულია

აშშ ჩინეთის ბირთვული შეიარაღების სწრაფი ზრდის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა, ნედ პრაისმა გააკეთა.

მან ჩინეთს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რათა შემცირდეს „შეიარაღების რბოლის რისკი, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს“

პრაისი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების 100-ზე მეტი გამშვები დანადგარის მშენებლობის დაწყებას გამოეხმაურა.

„ეს შემაშფოთებელია. ეს აჩენს კითხვებს ჩინეთის ზრახვებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს აძლიერებს ბირთვული საფრთხეების შესამცირებლად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში ცნობად მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეზე გააკეთა. კერძოდ, სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი თავს მეტად აღარ დაუხრის სხვებს.