პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, გ.ჩ-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ჩ-მ ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა ერთი პირი, რომელსაც 2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას.

მათი ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულს დამცირებით, აბუჩად აგდებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, ასევე, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად ემათხოვრა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შეგროვებულ თანხებს გ.ჩ. თავად ისაკუთრებდა და პირადი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

„გ.ჩ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) - მუქარით, ძალადობითა და იძულების სხვა ფორმით ადამიანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), რაც სასჯელის სახით 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავა

იუსტიციის სამინისტრო: ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ საფეხურზეა