პოლონეთში, ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

ადგილობრივი მედიის ცნობით, 12 ივლისიდან, პოლონეთში, ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.

როგორც ცნობილია, პროგრამა გავრცელდება ე.წ. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ელექტრომობილებსა და წყალბადზე მომუშავე მანქანებზე.

კლიმატის საკითხებში პოლონეთის მინისტრის მოადგილის, ირენეუშ ზისკას განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეებისთვის ელექტრომობილების შესაძენად სუბსიდია 18 750 (4000-მდე ევრო) ზლოტს, ხოლო მრავალსულიანი ოჯახებისთვის – 27 000 ზლოტს (6000-მდე ევრო) შეადგენს.

ამასთანავე, სუბსიდირების მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ კომპანიები, ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 110 მილიონი ევროა გამოყოფილი. „მწვანე ავტომობილების“ შეძენის სუბსიდირების პროგრამა 2025 წლამდე იმოქმედებს.