სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

6-9 ივლისს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ევროკომისარმა Twitter-ზე დაწერა.

„მოუთმენლად ველი მომდევნო კვირას საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა და მისი მთავარი ინიციატივები წარვადგინო. ასევე განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

როგორც ცნობილია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-​პატრიარქს.