საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა

საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ჩინური ვაქცინები შემოვიდა და ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

„დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს. მილიონი დოზა არის უკვე ადგილზე.

ჩვენ ახლა ვართ მზად, ორშაბათიდან უკვე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც მოხდა ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წარმატებით დავასრულეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.